Sunday, February 21, 2010

წითელქუდა

იყო და არა იყო რა, ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა გოგონა, მისებრ ლამაზი ქვეყნად არავინ იყო. დედას უზომოდ უყვარდა, ბებიას – კიდევ მეტად.

დაბადების დღეზე ბებიამ შვილიშვილს წითელი ქუდი აჩუქა. მას შემდეგ გოგონა ყველგან თავისი ახალი, ლამაზი წითელი ქუდით დადიოდა, რის გამოც მეზობლებმა წითელქუდა შეარქვეს.

ერთხელ დედამ ღვეზელი გამოაცხო და გოგონას უთხრა:

- წითელქუდა, წადი ბებიასთან, ღვეზელი და ერბო წაუღე, თან გაიგე, ხომ ჯანმრთელად არის.

წითელქუდა გაემზადა და ბებიასაკენ გასწია, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობდა.

მიდის ტყეში და უცებ შეხვდა რუხი მგელი.

მგელს ძალიან მოუნდა წითელქუდას შეჭმა, მაგრამ ვერ გაბედა, სადღაც ახლოს მეტყევეების ხმა ისმოდა.

მგელმა ხმა დაირბილა და გოგონას ჰკითხა:

- წითელქუდა, სად მიდიხარ?

წითელქუდამ არ იცოდა, როგორი საშიში იყო ტყეში გაჩერება და მგლებთან ლაპარაკი, მგელს მიესალმა და უპასუხა:

- ბებიასთან მივდივარ, ღვეზელი და ერბო მიმაქვს.

- შორს ცხოვრობს შენი ბებო? – ჰკითხა მგელმა.

- საკმაოდ, - უპასუხა წითელქუდამ, - აი, იმ სოფელში, წისქვილის იქით, ტყის პირას პირველ სახლში.

- გასაგებია, - თქვა მგელმა, - მეც მინდა ბებიაშენის მონახულება. მე ამ გზით წავალ, შენ კი აი, იმ გზით წადი. ვნახოთ, ვინ უფრო მალე მივა.

თქვა მგელმა და ყველაზე მოკლე გზით მოკურცხლა.

წითელქუდა კი ყველაზე გრძელი გზით წავიდა. არ ჩქარობდა, გზადაგზა ჩერდებოდა, ყვავილებს კრეფდა და თაიგულს კრავდა.

წითელქუდა წისქვილამდეც არ იყო მისული, რომ მგელი უკვე ბებიას სახლთან იყო და კარზე აკაკუნებდა:

- კაკ-კუკ!

- ვინ არის? – იკითხა ბებიამ.

- მე ვარ, თქვენი შვილიშვილი, წითელქუდა, - უპასუხა მგელმა დაწვრილებული ხმით. – სტუმრად მოვედი, ღვეზელი და ერბო მოგიტანეთ.

ბებია კი ამ დროს ავად იყო და ლოგინში იწვა. მას მართლა წითელქუდა ეგონა და გასძახა:

- ურდული ჩამოსწიე, შვილო, და კარი გაიღება!

მგელმა ურდული ჩამოსწია და კარი გაიღო.

მივარდა მგელი ბებიას და გადაყლაპა. ის ძალიან მშიერი იყო, რადგან სამი დღე არაფერი ეჭამა.

შემდეგ კარი დახურა, ჩაწვა ბებიას ლოგინში და წითელქუდას დაელოდა. მალე წითელქუდაც მოვიდა და კარებზე დააკაკუნა:

-

კაკ-კუკ!

- ვინ არის? – იკითხა მგელმა.

ხმა უხეში, ჩახრინწული ჰქონდა.

წითელქუდას შეეშინდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, ალბათ ბებია გაცივდა და ხმაც იმიტომ ჩაეხლიჩაო.

- მე ვარ, თქვენი შვილიშვილი, - უპასუხა წითელქუდამ. – ღვეზელი და ერბო მოგიტანეთ!

მგელმა ჩაახველა და დაწვრილებული ხმით გამოსძახა:

- ურდული ჩამოსწიე და კარი გაიღება, შვილო.

წითელქუდამ ურდული ჩამოსწია და კარი გაიღო.

გოგონა სახლში შევიდა, მგელი საბანში დაიმალა და უთხრა:

- შვილო, ღვეზელი მაგიდაზე დადე, ერბო კი თაროზე შემოდე, შენ კი შემომიწექი! ალბათ ძალიან დაიღალე.

წითელქუდა მგელს მიუწვა და ეკითხება:

- ბებია, რატომ გაქვთ ამხელა ხელები?

- იმიტომ, რომ კარგად მოგეხვიო, შვილო.

- ბებია, რატომ გაქვთ ასეთი დიდი ყურები?

- იმიტომ, რომ უკეთ მოგისმინო, შვილო.

- ბებია, რატომ გაქვთ ასეთი დიდი თვალები?

- იმიტომ, რომ უკეთ დაგინახო, შვილო.

- ბებია, რატომ გაქვთ ასეთი დიდი კბილები?

- იმიტომ, რომ კარგად გადაგსანსლო, შვილო!

წითელქუდამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ბოროტი მგელი მივარდა და ფეხსაცმელებიან-წითელქუდიანად გადაყლაპა.

მაგრამ, საბედნიეროდ, ამ დროს სახლთან მეტყევეებმა ჩაიარეს, მხრებზე ნაჯახები გაედოთ. ხმაური რომ გაიგეს, სახლში შეცვივდნენ და მგელი მოკლეს. შემდეგ მუცელი გაუჭრეს და იქიდან უვნებლად ამოიყვანეს ბებია და წითელქუდა.

6 comments: